მიმდინარე პროექტები

ბიომრავალფეროვნების აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში

დამფინანსებლები: BP International Limited (BPIL), BP Group-ის წევრი და bp Georgia, საქართველოს დაცული ტერიტორიის სააგენტოსთან (APA) თანამშრომლობით


განხორციელების პერიოდი: 2022 წლის სექტემბერი - 2026 წლის დეკემბერი


სამიზნე არეალი: აჯამეთის აღკვეთილი, იმერეთის რეგიონი, საქართველო


მიზანი: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას, აჯამეთის აღკვეთილში საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კრიტიკული ჰაბიტატის აღდგენითა და შენარჩუნება- გაძლიერებით, კერძოდ, იმერული მუხისა და კავკასიური ძელქვის აღდგენის საპილოტე მოდელის განხორციელებით.


ბიუჯეტი: 1,794,916 ლარი

მათ შორის:

  • I ფაზა: 254,229 ლარი (დაფინანსებულია bp Georgia-ს მიერ)
  • I ფაზის შედეგების გაძლიერება: 119,328 ლარი (დაფინანსებულია bp Georgia-ს მიერ)
  • II ფაზა: 1,421,359 ლარი (დაფინანსებულია BP International Limited (BPIL)-ის მიერ)

პროექტის წინაპირობები და საჭიროების დასაბუთება:

იმერული მუხა (Quercus robur subsp. imeretina) კოლხეთის დაბლობის იშვიათი ენდემური ხეა, მესამეული პერიოდის რელიქტი, რომელიც წარმოდგენილია მხოლოდ იმერეთის რეგიონში - აჯამეთის აღკვეთილში. რცხილაფოთლიანი (კავკასიური) ძელქვის (Zelkova carpinifolia) ერთ-ერთი მთავარი პოპულაციის ცენტრი ასევე მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, კოლხეთის ტყეებში. როგორც იმერული მუხა, ასევე კავკასიური ძელქვა შეტანილია საქართველოსა ​​და IUCN-ის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ნუსხებში.

ანთროპოლოგიური ფაქტორებისა და კლიმატის ცვლილების გამო, აჯამეთის აღკვეთილის იმერული მუხის კორომში, რომელიც ამ სახეობის ფართო გავრცელების ერთადერთ კერას წარმოადგენს, კლებულობს ხეების რაოდენობა, ასევე კლებულობს კავკასიური ძელქვის კორომების გავრცელებაც, რაც საფრთხეს უქმნის ამ სახეობების კონსერვაციას და შესაბამისად, საქართველოს ბიომრავალფეროვნებას. ამიტომ უნიკალური იმერული მუხის (მასთან ერთად მუხის დიდი ხარაბუზას) და კავკასიური ძელქვის აღდგენა და დაცვა უკიდურესად მნიშვნელოვანია ნაკრძალში ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნებისთვის.

პროექტით გათვალისწინებული აღდგენითი ღონისძიებები ასევე დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, რადგან დაცულ ტერიტორიას უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის ვიზიტორებისთვის, მათ შორის - მეცნიერებისა და მკვლევრებისათვის.

პროექტი უშუალოდ ხელს უწყობს  გაეროს მდგრადი განვითარების მე-13 მიზნის - კლიმატის მდგრადობის მიღწევა (ნახშირბადის სეკვესტრირება ტყეების აღდგენის გზით) და მე-15 მიზნის - სიცოცხლე მიწაზე (ხმელეთის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა, ტყეების მდგრადი მართვა, გაუდაბნოებასთან და მიწის დეგრადაციასთან ბრძოლა, ბიომრავალფეროვნების კარგვის შეჩერება) - მიღწევას.


განხორციელებული აქტივობები და შედეგები:

  • I ფაზა ითვალისწინებდა 4,450 იმერული მუხის ნერგის დარგვას 1,4 ჰა საპილოტე ფართობზე. ხოლო I ფაზის შედეგების მდგრადობის გაძლიერების სამუშაოები გათვალისწინებულია bp Georgia-სთან დამატებითი კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კორომში სიცოცხლისუნარიანი ნარგავების საბოლოო ფორმირებას.
  • BP International Limited-ის (BPIL) მიერ დაფინანსებული პროექტის II ფაზა ითვალისწინებს 5,32 ჰა ფართობზე 15,850 იმერული (80%) და ქართული (20%) მუხის ნერგის დარგვას და სანერგე მეურნეობის განვითარებას საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის. ამ კომპონენტის ფარგლებში, აჯამეთის ნაკრძალში იმერული მუხისა და კავკასიური ძელქვის კორომების გასაშენებლად/გასაახლებლად შეგროვდება თესლი და გამოიყვანენ ნერგებს.
  • პროექტი მოიცავს საპილოტე ტერიტორიების გაწმენდის, შეღობვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოებს, როგორიცაა ნაკვეთების აღჭურვა წვეთოვანი სისტემით, წყალსაქაჩი სადგურისა და წყლის რეზერვუარების მოწყობა და სანერგისათვის დამხმარე შენობის მშენებლობა.
  • პროექტისათვის მეტი სოციალური დატვირთვის მისანიჭებლად ინფრასტრუქტურის განვითარების, დარგვისა და მოვლის სამუშაოების განსახორციელებლად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

საბოლოოდ, პროექტი ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და აჯამეთის ნაკრძალის პერსონალის შესაძლებლობების განვითარებას, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ გადაიბარებენ აღდგენის სამუშაოებს. ამ მიზნით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება ადგილობრივი რეინჯერებისათვის, რაც მოიცავს -  სანერგისა (მუხის და ძელქვის ნერგების გამოყვანა) და წყალსაქაჩი/სარწყავი სისტემის მართვას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, ნიადაგის ეროზიისგან დაცვას, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-შენარჩუნებას, უსაფრთხოების წესებს ტყეში სხვადასხვა ექსტრემალური სიტუაციების დროს და სხვა ღონისძიებებს.