მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ჩვენი წევრები

პაატა აბულიძე
გუდის ყველი თუშეთიდან

5 წელს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ და პროგრამა „ენპარდის“ ხელშეწყობით, პაატა აბულიძემ თუშეთში, გომეწრის ხეობაში, სამანქანო გზიდან მოშორებით, ადგილზე, რომელსაც ალაზნისთავს უწოდებენ, შექმნა  საწარმო, სადაც  თუშური ტრადიციული მეთოდით გუდის ყველს ამზადებენ. თუშური გუდის ყველის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგია ყველის სპეციალურად დამუშავებულ ცხვრის ტყავში, გუდაში შენახვას გულისხმობს. ასეთი მეთოდით დამზადებული ყველი უნიკალურ გემოვნურ თვისებებს სრულად ინარჩუნებს.

ბავშვობიდან კარგად ვიცნობ მეცხვარეობასა და ყველის ამოყვანას. სულ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა მეცხვარეებს ვეხმარებოდი ყველის ამოყვანაში და, შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცოდი ტრადიციული გუდის ყველის დამზადება. მაგრამ ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა - ცოტა თუ ამზადებდა ყველს გუდაში, უფრო ხშირად ცელოფნის პარკებში ამწიფებდნენ ყველს. ამის შემხედვარეს გული მწყდებოდა და გადავწყვიტე ტრადიციული წესით დამემზადებინა გუდის ყველი და არ დამეკარგა ეს უნიკალური ტექნოლოგია. 2015 წელს ასოციაცია  „ელკანასა“ და პროგრამა „ენპარდის“ დახმარებით თუშეთში სურსათის უვნებლობის სტანდარტების მოთხოვნების შესატყვისი ცხვრის საწველი ფერმა  გავხსენი. ამავე წელს დავაფუძნე კოოპერატივი სახელწოდებით ,,ალაზნისთავი, - გვიამბობს პაატა აბულიძე.

გუდის ყველის წარმოება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. „ალაზნისთავის“ საწველ ფერმაში ყოველდღიურად 500 სულ ცხვარს 5 კაცი წველის. მოწველის შემდეგ რძე მაშინვე მუშავდება ტრადიციული წესით: ჩაკვეთავენ 35-37° ტემპერატურაზე მიღებულ დელამოს და ჭრიან. საჭიროების შემთხვევაში მეორედ აცხელებენ 36-38° ტემპერატურაზე და შემდეგ ხდება მარცვლის დაყენება, ზედმეტი შრატის მოცილება და ყველის მასის მოწურვა ქსოვილის ტომსიკებში. შემდეგ დებენ გუდაში, ამარილებენ და აჩერებენ მოსამწიფებლად. მომწიფების პერიოდი გრძელდება მინიმუმ 60 დღის განმავლობაში.

პაატამ მეურნეობა ნელ-ნელა განავითარა. თავდაპირველად 3 ტონა ყველს აწარმოებდა და წელს უკვე მოცულობა 8 ტონამდე გაზარდა. ჩვენი პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ საერთოდ არ გვიჭირს რეალიზაცია - ძირითადად მომცრო მაღაზიებში და კერძო შეკვეთებით ვყიდით. ჯერ ვერ ვაწარმოებთ იმდენს, რომ დიდი სუპერმარკეტები სისტემატურად მოვამარაგოთ. თუმცა, უკვე ყოველთვიურად 500 კგ გუდის ყველი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გადის გასაყიდად, - ამბობს პაატა. 

პაატა აბულიძე ფიქრობს, რომ ყველის წარმოების გაზრდა 10 ტონამდე  შეუძლია, თუმცა ერთ საწველ ფერმაში ამას ვერ შეძლებს - საჭიროა მეორე ფერმაც აშენდეს. ასევე აუცილებელია უფრო დიდი სიმძლავრის გადამამუშავებელ-შესაფუთი საწარმოს გაკეთება

„გუდის ყველის თანამედროვე გადამამუშავებელ-შესაფუთი საწარმო გვჭირდება, რომ მთელი რეგიონის ყველი შეიფუთოს. გუდებით და მთლიანი თავებით ყველის გაყიდვა რთულია. მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ვაკუუმში შეფუთული და სწორად ეტიკეტირებული პროდუქცია, რომ ფერმერებიც კმაყოფილები იყვნენ და მყიდველიც.

გურჯაანის, ყვარლის მხარეს ყოველ კილომეტრში ღვინის სახლებია, შატოები -  ღვინო ხომ კახელების სიამაყეა, მაგრამ ალვანიც ყველის სამშობლოა და კარგი იქნება ერთი ყველის სახლი გვქონდეს“, - აცხადებს პაატა აბულიძე.

ამ ეტაპზე პაატა „ელკანასთან“ ერთად მუშაობს თუშური გუდის ყველის ადგილწარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად.