გალინა ინასარიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში ცხოვრობს და უკვე 30 წელზე მეტია მესხეთის ერთ-ერთ უნიკალურ პროდუქტს - ტენილ ყველს აწარმოებს. უწინ მესხურ სოფლებში, თითქმის ყველა ოჯახში, სადღესასწაულოდ და სტუმრის პატივსაცემად, მზადდებოდა ტენილი ყველი. დღეს ეს ტრადიცია თითქმის მივიწყებულია და გალინა ერთადერთია სოფელ ანდრიაწმინდაში, ვინც ცდილობს ტენილი ყველის დამზადების ტექნოლოგიის შენარჩუნებას და ახალგაზრდებსაც ასწავლის ამ ხელობას.
„ტენილ ყველს ტრადიციულად პატარა ქოთნებში, „კოჭობებში“ ამზადებდნენ და სადღესასწაულო დღეებში - ახალ წელს, შობას, აღდგომას, სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ. შემდეგ ხალხმა ტრადიცია მიივიწყა, მაგრამ ჩემს ოჯახში დღემდე ვამზადებთ ამ ყველს. როცა სოფელში საპატივცემულო სტუმარს ელოდებოდნენ, მირეკავდნენ და მთხოვდნენ - გალინა, გაგვიკეთე ტენილი ყველიო. მეც ვამზადებდი და ვაწვდიდი. ასე დარჩა ეს ტრადიცია ჩემს ოჯახში. ახლა უკვე სხვა ოჯახებმაც დაიწყეს ტენილი ყველის დამზადება“, - გვიამბობს გალინა.
დღეს ტენილი ყველის წარმობა გალინა ინასარიძისთვის უკვე ბიზნესია - ამზადებს და ყიდის ამ პროდუქტს, რომლის პოპულარიზაციაშიც დიდი როლი შეასრულა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ მიერ მოწყობილმა საახალწლო და სააღდგომო გამოფენა-ბაზრობებმა.
„ჩემი პროდუქტი გამოფენა-ბაზრობებზე გამქონდა, გაიცნო ხალხმა და კლიენტებიც შევიძინე. დღეისათვის თბილისში 6-7 ობიექტს - მაღაზიებს, ყველის სახლს, პურის სახლს, რესტორნებს ვამარაგებ. თუმცა უწყვეტად მიწოდებისათვის აუცილებლად მჭირდება შენახვის პირობების გაუმჯობესება. ტრადიციული ყველი მზადდება აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე და ინახება მაისის ბოლომდე. შემდეგ უკვე ცხელა და ყველი მწარდება, მჟავდება და დუღდება. მჭირდება სპეციალური სამაცივრე ოთახი თაროებით, სადაც ქოთნებში ჩატენილ ყველს ცივად შევინახავ“.
გალინა ინასარიძის თქმით, ტენილი ყველის დამზადების ბიზნესი შემოსავლიანია, მაგრამ საჭიროა საწარმოს გაფართოება და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვა.
„მართალია, ტრადიციული ყველი ბუხარში კეთდება, მაგრამ უვნებლობის მოთხოვნებიც უნდა დავიცვათ. ჩემს პატარა საწარმოს, რომელიც მოვაწესრიგე პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ მიღებული 5000-ლარიანი გრანტით, ბევრი ხალხი სტუმრობს - მოდიან უცხოელებიც - გერმანელები, ამერიკელები და ღირსეულად ვხვდები მათ. მაგრამ თუ არ განვავითარე ბიზნესი, ცოდნა არ შევიძინე და წინ არ წავედი, არაფერი გამოვა. 5000-ლარიანი დახმარება კარგი იყო, მაგრამ საწარმოო ხაზის დასანერგავად, ეს თანხა ზღვაში წვეთია“, - აცხადებს გალინა ინასარიძე.
მესხური ტენილი ყველის მწარმოებელი ამ უნიკალური პროდუქტის საუკეთესო თვისებებზეც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შემთხვევაში, ეს პროდუქტი ევროპულ ბაზარზეც მოხვდეს.