სამცხე-ჯავახეთში, ვარძიასთან ახლოს, სოფელ ნაქალაქევთან (ასპინძის მუნიციპალიტეტში), სერგო მაისურაძის საოჯახო სასტუმროში ვიზიტორების სიმრავლეა.
ტურისტული ბიზნესი სერგო მაისურაძემ, მეუღლესთან, მარინა ტაბატაძესთან ერთად, 10 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად, „ელკანას“ რჩევით, სტუმრებს პატარა ფერმაში იღებდნენ და ამ საქმის წარმატების თავადაც არ სჯეროდათ, თუმცა დღეს უკვე 2 საოჯახო სასტუმროს ამუშავებენ.
„თმოგვის ციხის ძირში პატარა ნაკვეთი გვქონდა. მეუღლემ გადაწყვიტა საქონლის ფერმის მოწყობა. 2008 წელს ფერმა მოვაწყვეთ, გავარემონტეთ და ამერიკიდან მივიღეთ პირველი ტურისტები. შემდეგ უკვე 6 წელი ვიმუშავეთ ისე, რომ ერთმანეთს უყვებოდნენ ტურისტები ჩვენს შესახებ და ასე გვპოულობდნენ. მხოლოდ 6 წლის შემდეგ დავრეგისტრირდით booking.com-ზე, airbnb.com-ზე და ახლა ძირითადად მათი საშუალებით ვმუშაობთ - ძირითადად სტუმრები გვყავს პოლონეთიდან, რუსეთიდან და ამერიკიდან. ტურისტი ბევრია, ზოგჯერ მათ მისაღებად ადგილიც არ გვყოფნის. საოჯახო სასტუმრო თმოგვის ციხესთან ახლოსაა და ტურისტებს ძალზე მოსწონთ ადგილმდებარეობა. ასევე მოსწონთ, რომ ჩვენი მეურნეობის პროდუქტებით ვუმასპინძლდებით - ვეწევით მესაქონლეობას და ტურისტებისთვის გვაქვს კალმახი, ოჯახში დამზადებული ყველი, მაწონი და სხვ.,“ - ამბობს მარინა ტაბატაძე.
სოფლის ადგილმდებარეობა მართლაც გამორჩეულია და სიახლოვეში ტურისტებისათვის ბევრი სანახაობაა - კულტურული ძეგლები და ბუნებრივი ღირშესანიშნაობები. საოჯახო სასტმროს მფლობელებმა 3-4 ტურისტული მარშრუტი შეიმუშავეს, ტურისტული ბილიკების რუკები მოამზადეს და ტურისტებს დამატებით მომსახურებას სთავაზობენ.
„ტურისტული მარშრუტები დაგეგმილი გვაქვს ვარძიაში, თმოგვის ციხეზე, ვანის ქვაბებში და სხვაგანაც. გვყავს 2 ცხენიც და სტუმრებს ვთავაზობთ ცხენით გასეირნებას, ასევე ტურისტებს ვემსახურებით საკუთარი ავტომანქანით და ვუწყობთ ჯიპტურს. ვთავაზობთ თევზაობის ტურსაც. აქვე ახლოს თერმული ცხელი წყლებია, 40 გრადუსამდე თბება წყალი - ბუნებრივი ჯაკუზია ღია ცის ქვეშ - ტურისტები, ვახშმის შემდეგ, მიდიან და ბანაობენ,“ - ამბობს სერგო მაისურძე.
საოჯახო სასტუმოს მეპატრონეების თქმით, სურთ საოჯახო სასტუმროს გაფართოება - არსებული არასაკმარისია ერთდროულად ბევრი ტურისტის მისაღებად.
„ბევრი უცხოელი ტურისტი გვიკავშირდება, სურთ ჩვენთან გაჩერება, მაგრამ ხშირად უარს ვეუბნებით - ერთდოულად 30-40 კაცის განთავსება გვიჭირს და ძალიან გვინდა მეორე სართულის დამატება. სამწუხაროდ, სახსრები არ გვყოფნის. თუ დაგვეხმარება სახელმწიფო ან არასამთავრობო ორგანიზაციები, განვვითარდებით და სხვებსაც დავასაქმებთ“, - აცხადებს სერგო მაისურაძე.