2026 წლის 21 აგვისტოს, სოფელ წნისში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანში“, ნახევრად ნაგალა საძირეზე (MM106) დაემყნო ადგილობრივი, გადაშენების პირას მყოფი ვაშლის 22 სხვადასხვა ჯიში, მათ შორის ერბოვაშლი, თურაშაული, აბილაური, რძევაში, რაკრაკა, ჯორიცხვირა და სხვა.
ამასთანავე, ჩატარდა საველე პრაქტიკული ტრენინგი ხეხილოვანი კულტურების მყნობის საკითხებზე. ტრენინგს უძღვებოდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, „ელკანას“ ხილ-კენკოვანი კულტურების კონსულტანტი ლალი გოგინავა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ფერმერები, საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
ტრენინგის მიზანი იყო ვაშლის ადგილობრივი, ქართული ჯიშების პოპულარიზაცია, ხეხილოვანი კულტურების მყნობის ტექნოლოგიების ტრენინგის მონაწილეთათვის გაცნობა და პრაქტიკულად განხორციელება.
ღონისძიების ფარგლებში, „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო „ელკანას“ საქმიანობა და გაუზიარა აგრარული ბიომრავალფეროვნების აღდგენის და შენარჩუნების მიზნით ორგანიზაციის მიერ განხორცილებული საქმიანობების გამოცდილება, „ელკანას“ ხილ-კენკოვან კულტურების კონსულტანტმა ლალი გოგინავამ დაათვალიერებინა მათ „მარცვლეულის კიდობნის“ მეურნეობა და წარუძღვა ტრენინგის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. სწავლების ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებმა უშუალოდ მყნობის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. მყნობის პროცესი განახორციელეს და მათ საკუთარი მრავალწლიანი მყნობის გამოცდილება გაუზიარეს ზოია ოთანაძემ და ოფელია ანესიანმა.
მონაწილეები გაეცნენ ასევე „მარცვლეულის კიდობანში“ არსებულ თესლეულის ბიბლიოთეკას, საიდანაც შესაძლებლობა ჰქონდათ აეღოთ მათთვის სასურველი ადგილობრივი კულტურების მცირე რაოდენობით თესლეული საკუთარ მეურნეობაში გასამრავლებლად.
ღონისძიების ფარგლებში ხორბლის ენდემური სახეობის - დიკას პური გამოცხვა სადეგუსტაციოდ, ცხობის პროცესში ხალისით ჩაერთვნენ ტრენინგის მონაწილეები. სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო ასევე „მარცვლეულის კიდობანში“ მოწეული ვაშლი და ბოსტნეული.
„მივიღეთ მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ძალიან დიდი მადლობა „ელკანას“ ამ შესაძლებლობისათვის“ - საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტები.
„სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ასოციაცია „ელკანას“ შორის ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა უკვე ორ ათეულ წელს ითვლის. ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აგრონომიული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში პროფესიული პრაქტიკის განხორციელების კუთხით ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „მარცვლეულის კიდობნის“ საკონსერვაციო მეურნეობაში ვიზიტი ჩვენს სტუდენტებზე ყოველთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს, ისინი დიდი ინტერესით ეცნობიან „ელკანას“ საქმიანობას, „მარცვლეულის კიდობანს“, აქ არსებულ, გადაშენების პირას მყოფ ადგილობრივი მარცვლეული კულტურების მოვლა-მოყვანის გამოცდილებას, ამ კულტურათა კოლექციას, თესლის მარაგებისა და შენარჩუნების პრაქტიკას, ასევე „ელკანას“ საქმიანობას ადგილობრივი ჯიშების მოძიების, დაცვის, გამრავლებისა და ფერმერებს შორის მათი გავრცელების მიმართულებით. „მარცვლეულის კიდობანში“ ვიზიტისას, სტუდენტები აცნობიერებენ ორგანული წარმოებისა და აგროეკოლოგიის მნიშვნელობას.“ - თემურაზ გვარამაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
„დღეს შესაძლებლობა მომეცა ჩვენს ოჯახში არსებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, გამორჩეული ვაშლის ჯიში სახელწოდებით „დედოფალი“ გადამერჩინა, მოვიტანე სამყნობი მასალა და დავამყნეთ 30-მდე საძირე. დიდი მადლობა ასოციაცია „ელკანას“ ამ შესაძლებლობისათვის.“ - ნელი ლომიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი.

