3 აპრილს პროექტის ბენეფიციარი ცხრა მეღვინე იოსებ აბდუშელიშვილის საოჯახო მარან - "თეზს" ეწვია. მარანი "თეზი" 2022 წელს შეიქმნა, ევროპელი პარტნიორის მხარდაჭერით, რომელიც ოკამის მიკროზონაში წარმოებული ღვინის დიდი ენთუზიასტია. მარანს აქვს 0.5 ჰა ფართობის ვენახი, სადაც მოჰყავთ თავკვერისა და ციცქა-ცოლიკაურის ჯიშების ყურძენი. იოსები ვენახის გაფართოვებას გეგმავს 4-5 ჰექტრამდე. ამჟამად ის "ელკანას“ წევრ ბიომეურნეობებთან თანამშრომლობს და მათგან იძენს ბიონედლეულს. მარანი "თეზი" წარმატებით მონაწილეობს ღვინის ფესტივალებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
სასწავლო ტურს უძღვებოდა „ელკანას“ მეღვინეობის კონსულტანტი გიორგი ბარისაშვილი. მან დაწვრილებით ისაუბრა ქვევრის ღვინის წარმოების ტრადიციებზე და მარნის მოწყობის დეტალებზე.
ვიზიტის შედეგად ერთ-ერთმა დამწყებმა მეღვინემ, რატი სამხარაძემ, თავიდან აიცილა მარნის მშენებლობასთან დაკავშირებული სავარაუდო შეცდომა და მარნის აშენება მიწის ზევით გადაწყვიტა, რაც კონსულტანტის მითითებით შეამცირებს თბოდანაკარგებს, კონდენსატის წარმოქმნასა და ობის გაჩენას.
მონაწილეებმა ბევრი საინტერესო და სასარგებლო რჩევა მიიღეს, რომლებსაც პრაქტიკულად გამოიყენებენ, ასევე გაცვალეს კონტაქტები სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით.
„მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4“ (SBDP4) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტს ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა".
