23-24 აპრილს პროექტის - SBDP4 ფარგლებში დაფინანსებული შვიდი მეფუტკრე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ვიზიტს ფასილიტაციას უწევდა მეფუტკრეობის კონსულტანტი ვახტანგ ღლონტი. ორდღიანი ინტენსიური პროგრამა მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებასა და დარგში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას.
ვიზიტის პირველი დღე სოფელ გვიმბალაურში, მამუკა იმნაძის საფუტკრეში დაიწყო, სადაც მონაწილეები ფუტკრის დედების გამოყვანის პროცესს დაესწრნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სადედეების მოვლისა და შერჩევის კრიტერიუმებს, რასაც მოჰყვა დისკუსია ადგილობრივი ფუტკრის სელექციის გამოწვევებზე. ამის შემდეგ ჯგუფმა გადაინაცვლა სოფელ ჯუნჯუათში, თენგიზ ურუშაძის თაფლის საწარმოში, სადაც გაეცნენ HACCP-ის სტანდარტების დანერგვის პრაქტიკულ გამოცდილებას. სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ხარისხის კონტროლის, სერტიფიცირების პროცედურებისა და პროდუქტის ექსპორტისათვის მომზადების შესახებ.
სასწავლო ტურის მეორე დღეს მეფუტკრეებმა დაათვალიერეს ავთანდილ ხუხუნაიშვილის ხის სკების საამქრო და ასევე გაეცნენ ფუტკრის შხამისა და ხელოვნური ფიჭის დამზადების ტექნოლოგიებს. ამავე შეხვედრაზე განიხილეს ფუტკრის შხამისა და ფიჭის ბაზარზე გასაღების ეკონომიკური პერსპექტივები. პროგრამა დასრულდა ჯიხეთის დედათა მონასტერში, სადაც მონაწილეებმა დაათვალიერეს „აპი სახლი“ და გაეცნენ ფუტკრის რძის წარმოების სპეციფიკას.
ვიზიტის მონაწილეებმა განიხილეს სადედე ოჯახების გენეტიკური შერჩევის, HACCP-ის სტანდარტების ეკონომიკური სარგებლიანობისა და ფუტკრის სუბპროდუქტების სანდო მყიდველების მოძიების სტრატეგიები და მადლიერებით აღნიშნეს, რომ ვიზიტმა უაღრესად სასარგებლოდ ჩაიარა.
„მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4“ (SBDP4) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტს ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა".
