სიახლეები
„მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის“ IV ფაზის (SBDP4) ბენეფიციარების სასწავლო ვიზიტი სამკერვალო საწარმოში

27 მარტს „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი“ SBDP4-ის ფარგლებში დაფინანსებული ხუთი სამკერვალოს მფლობელი ეკატერინე რამიშვილის სამკერვალო საწარმოს ეწვია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში.

ეკატერინე თვითნასწავლი მკერავია, რომელიც დროთა განმავლობაში გამოცდილ კონსტრუქტორ-დიზაინერად ჩამოყალიბდა და თბილისიდან საცხოვრებლად მოხისში გადმოვიდა. მან ნაქირავებ ფართში მოაწყო სამკერვალო, სადაც 12 ადგილობრივი ქალია დასაქმებული.

პროექტის მეწარმეთა კონკურსში გამარჯვების შედეგად ეკატერინემ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი საწარმო და შეიძინა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც წარმოების სრულ ციკლს მოიცავს - ქსოვილის გამოჭრიდან მზა პროდუქციის გაუთოებასა და შეფუთვამდე. შედეგად ეკატერინე შეძლებს არა მარტო წარმოების მოცულობის გაზრდას, არამედ ტექნიკურად უფრო რთული შეკვეთების შესრულებასაც. ამჟამად სამკერვალოს ძირითადი პროდუქცია სასკოლო ჩანთები და პენლებია.

სამკერვალო წარმატებით თანამშრომლობს მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსთან". ჩანთები იკერება ეკატერინეს მიერ შექმნილი  დიზაინერული თარგებით. თითოეული ნაკეთობა გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს, უთოვდება, ენიჭება შტრიხ-კოდი, იფუთება და ლაგდება პარტიებად შესაბამის ყუთებში.

სტუმრებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ეკატერინეს სამკერვალოს ისტორია, თუ რა გზა გაიარა დღევანდელ შედეგამდე, როგორ თანდათანობით გაზარდა მასშტაბი, როგორ დაიწყო მონაწილეობა ტენდერებში და სხვა. ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ რეალური სამკერვალო, რომელიც დინამიკურად ვითარდება.

ეკატერინე თვლის, რომ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ხარისხის მუდმივი კონტროლი, მოქნილი საფასო პოლიტიკა და ადგილობრივ მოდურ ტენდენციებზე მორგებული დიზაინი. ამ მიდგომით ეკატერინე კონკურენციას უწევს ჩინურ იმპორტს და იგებს კიდევაც. მისი საიდუმლო მარტივია: მაღალი ხარისხი, ადეკვატური ფასი, მიმზიდველი დიზაინი და რთულ შეკვეთებზე მუშაობის უნარი.


„მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4“ (SBDP4) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტს ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა".