სიახლეები
დასრულდა „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის“ IV ფაზის (SBDP4) მეწარმეთა კონკურსის მეხუთე რაუნდი

ოცდაათმა მეწარმემ  მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესი წარმატებით გაიარა და „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის IV ფაზის“ (SBDP4) მეწარმეთა კონკურსის მეხუთე რაუნდის გამარჯვებული გახდა.

პირველ ეტაპზე, პროექტის სამიზნე სოფლების დამწყებმა და მოქმედმა მეწარმეებმა წარადგინეს ბიზნესიდეები და გაიარეს ტრენინგი ბიზნესგეგმის შედგენაში. წარმოდგენილი ბიზნესგეგმების შესარჩევი კომისიის მიერ განხილვისა და კონკურსანტების ადგილზე მონახულების შემდგომ კი განმცხადებლებმა შესარჩევ კომისიას წარუდგინეს საბოლოო პრეზენტაცია.

კონკურსში მონაწილეობის სავალდებულო პირობას წარმოადგენდა საკუთარი თანადაფინანსება: არანაკლებ 30% დამწყები და არანაკლებ 40% — მოქმედი მეწარმეებისთვის.

გამარჯვებულთა შორის 13 ქალია, ხოლო 7 — 35 წლამდე ახალგაზრდა. დაფინანსებული ბიზნესები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მეფუტკრეობა, მეღვინეობა, სამკერვალო, სადურგლო და ავტოშეკეთების საამქროები, სათბურები, ჩირის წარმოება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეკეთება, კალმახისა და სოკოს წარმოება, მწყერის კვერცხის წარმოება, მობილური ქიმწმენდა და სხვა. ეს მრავალფეროვნება ნათლად ასახავს სამიზნე სოფლების რეალურ საჭიროებებსა და სამეწარმეო შესაძლებლობებს.

შერჩეულ ბიზნესებს მდგრადობის მაღალი პოტენციალი აქვთ — მათ ჰყავთ რეალური მომხმარებლები, აქვთ ჩამოყალიბებული საბაზრო ნიშა და მკაფიო ბიზნესხედვა. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული მეწარმეები წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას 2026 წლის ივნისში პროექტის დასრულების შემდეგაც.

თავის მხრივ, პროექტი განაგრძობს მათ ინტენსიურ სწავლებასა და მონიტორინგს, რაც მათ საქმიანობის წარმატებით გაგრძელებაში დაეხმარება.


„მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4“ (SBDP4) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტს ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა".