მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ფორუმი - აგროეკოლოგია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

2023 წლის 10-14 ივლისს თურქეთის ქალაქ ბურსაში (ნილიუფერის მუნიციპალიტეტი) გაიმართა აგროეკოლოგიის პირველი ფორუმი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში - „ბილიმი“.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო 22 ორგანიზაცია ოთხი ძირითადი რეგიონის - 1) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, 2) დასავლეთ ბალკანეთის, 3) სამხრეთ კავკასიისა და დასავლეთ აზიის და 4) ცენტრალური აზიის - 18 ქვეყნიდან. ფორუმს ესწრებოდნენ და მისი მხარდამჭერები იყვნენ სხვა ორგანიზაციებიც, მათ შორის FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი, ჰეინრიხ ბიოლის ფონდი და „ჯენგალაბი“. ფორუმის ორგანიზებაში მთავარი როლი შეასრულა „სკოლა კამპესინამ“.  

„ბილიმი“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აგროეკოლოგიური ორგანიზაციების ალიანსია. ის აერთიანებს რიგით ადამიანთა მოძრაობებს, ორგანიზაციებს და ჯგუფებს, მათ შორის გლეხებს და მცირე ფერმერებს, მკვიდრ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო საზოგადოებას, ქალებს, ახალგაზრდებს და ყველას, ვინც აქტიურად არის ჩართული აგროეკოლოგიურ საქმიანობაში. თემის წევრები პრაქტიკაში იყენებენ აგროეკოლოგიურ მეთოდებს ან ხელს უწყობენ აგროეკოლოგიის განვითარებას ადგილებზე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ბიომრავალფეროვნების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და სასურსათო სისტემების საფუძვლად მცირე ფერმერთა ცოდნას განიხილავენ. მუშაობისას ჩვენი გზამკვლევი არის ჩვენი კულტურული მრავალფეროვნება, ნიელენის დეკლარაცია აგროეკოლოგიის შესახებ, UNDROP და UNDRIP.  ალიანსის მხარდამჭერია ოთხი ორგანიზაცია: „სკოლა კამპესინა“, „ელკანა“, „ეკო რურალისი“ და ADI. ფორუმის ოთხი დღის განმავლობაში ფორუმი ხელს უწყობდა ადგილობრივი გამოცდილების გაცვლას კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის:

  • UNDROP და ფერმერთა უფლებები,
  • ბიომრავალფეროვნება და თესლეული,
  • მიწის საკუთრების უფლება,
  • ბაზარზე ხელმისაწვდომობა,
  • სოლიდარობა კრიზისის პერიოდში.

ასევე განხილული იყო ურთიერთგადამფარავი ასპექტები: ქალთა როლი და უფლებები, აგროეკოლოგიური სკოლები და ტრენინგები, „ბილიმის“ ცოდნის გაზიარების პლატფორმა, მკვიდრი მოსახლეობის როლი აგროეკოლოგიაში და ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა აგროეკოლოგიის განვითარებაში.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა პრაქტიკული ღონისძიება, როგორიცაა თესლეულის გაცვლა მონაწილეებს შორის, ვიზიტები ადგილობრივ სასურსათო ბაზარში, სურსათის ადგილობრივ გადამამუშავებელ ქარხანაში, სათესლე მეურნეობაში, თესლეულის ბიბლიოთეკაში, ბაღებსა და სავარგულებში, რომლებსაც მართავენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ნილიუფერის მუნიციპალიტეტი, განხორციელდა აგროეკოლოგიური მეთოდების პრაქტიკული გამოყენების დემონსტრირება.

შედეგები

ადგილობრივი გამოცდილებისა და ინიციატივების გაზიარებამ გამოავლინა თანამშრომლობის საჭიროება სხვადასხვა დონეზე: ქვეყნის ფარგლებში - ერთი და იმავე ქვეყნის ორგანიზაციებს შორის; ქვე რეგიონულ და რეგიონულ დონეზე, კერძოდ, FAO REA-თან დიალოგის ხელშეწყობისთვის.

ეს თანამშრომლობა დაფუძნებული უნდა იყოს ორგანიზაციების საქმიანობაზე, აგროეკოლოგიური მეთოდების დანერგვის მიმართულებით. საზოგადოების დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული თესლეულზე უფლების დაცვაში, აწყობს თესლეულის ბანკებსა და ბიბლიოთეკებს, თესლეულის ბაზრობებსა და აორგანიზებს თესლეულის გაცვლა, აღადგენს მივიწყებულ სახეობებს და სხვ. ფორუმის მონაწილეებმა გამოხატეს პარტნიორობის სურვილი თესლეულთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. პრაქტიკული საქმიანობის გარდა, „ბილიმის“ საზოგადოების თანამშრომლობის ბუნებრივი მიმართულება მომდევნო წლებში, კოორდინირებული ადვოკატირება იქნება.

საზოგადოება სულ უფრო აცნობიერებს და იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას UNDROP-ის გამოყენებაში გლეხთა უფლებების გასაძლიერებლად სხვადასხვა პოლიტიკურ დონეზე. UNDROP-ის ხელშეწყობის რეგიონული კამპანია ეტაპობრივად განხორციელდება და  ადვოკატირების ღონისძიებების დროს გამოყენებული იქნება „ბილიმის“ ორგანიზაციების გამოცდილება.

„ბილიმის“ საზოგადოებაში წარმოდგენილი და ასახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება და განსხვავებული რეალიები. თუმცა, ჩვენ გვაერთიანებს  აგროეკოლოგიის, UNDROP-ის  დანერგვისა და ადამიანის უფლებების დაცვისადმი ერთსულოვნება. როგორც საზოგადოება, გამოვხატავთ კონკრეტულ სოლიდარობას კრიზისში მყოფთა მიმართ.

„ბილიმის“ მომდევნო ფორუმი გაიმართება 2024 წელს და ღია იქნება ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც რეკომენდაციას გაუწევენ „ბილიმის“ ქსელის წევრები, აგროეკოლოგიის შესახებ ნიელენის დეკლარაციით განსაზღვრული ნდობისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე.

„ბილიმის“ ფორუმი 2023 - არასამთავრობო ორგანიზაციების კამპუსი - ნილიუფერი მუნიციპალიტეტი (თურქეთი)