ras gulisxmobs termini "biomeurneoba"?

ბიომეურნეობა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ისეთი სისტემაა, როგორიც გამორიცხავს ქიმიური სასუქების, პესტიციდების, აგრეთვე გენეტიკური ინჟინერიის მეშვეობით მიღებული ორგანიზმებისა და პროდუქტების გამოყენებას; იგი კანონით რეგულირდება და გულისხმობს, რომ მეურნეობის მართვისა და საკვების წარმოების მეთოდები მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს შეესაბამება. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერთა უმრავლესობა ტერმინს _ “ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი” არამართებულად მიიჩნევს და, შესაბამისად, მას პროდუქციის სისუფთავის აღსანიშნავად პრაქტიკულად აღარც გამოიყენებენ.


სხვადასხვა ქვეყანაში ბიოწარმოებას სხვადასხვა ტერმინით განსაზღვრავენ: მაგ., გერმანულ- და ფრანგულენოვან ქვეყნებში ხმარობენ ტერმინს _ “ბიოლოგიური” (biologische, biologique) ზოგიერთ ენაში, მაგ., ესპანურში, _ ტერმინს _ “ეკოლოგიური” (ecologico), ხოლო ინგლისურენოვან ქვეყნებში იხმარება ტერმინი _ “ორგანული”(organic).


საქართველომ გერმანულ-ფრანგული მოდელი აირჩია და კანონით დაადგინა ტერმინები _ “ბიოპროდუქტი”/”ბიოწარმოება”. ამასთან, საერთაშორისო კანომდებლობის მიხედვით, ბიოსერტიფიკატის არმქონე პირის მიერ ეტიკეტზე ისეთი წარწერის გაკეთება (სიტყვათა და შესიტყვებათა ნებისმიერი კომბინაცია, სადაც განსაზღვრებად იქნება „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ და სხვ.), რაც მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ პროდუქცია წარმოებულია ბიოწარმოების სტანდარტების შესაბამისად, კვალიფიცირდება, როგორც ფალსიფიკაცია, და კანონით ისჯება.


საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება