elkanas istoria

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” დაფუძნდა 1994 წელს. ამ პერიოდში ქართული სოფელი საწარმოო საშუალებების არქონასთან ერთად, ინფორმაციისა და ცოდნის სრულ დეფიციტს განიცდიდა - ქვეყანაში არ მუშაობდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც ფერმერებს დაეხმარებოდა კვალიფიციური სასოფლო-სამეურნეო რჩევებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. ფერმერთა დასახმარებლად შეიქმნა ასოციაცია “ელკანა” და თავდაპირველად მისი საქმიანობა მხოლოდ ფერმერთა სამრჩევლო მომსახურებით შემოიფარგლებოდა; ამჟამად ორგანიზაციაში რამოდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ:


- სამრჩევლო (სასოფლო-სამეურნეო რჩევები ფერმერთათვის და სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირთათვის),

- ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა სოფლად,

- აგრარული მრავალფეროვნების დაცვა,

- სოფლის ტურიზმი

- საზოგადოებრივი ურთიერთობები (ფერმერთა უფლებების დაცვა, ტრენინგები/სემინარები, საგამომცემლო და პოპულარიზაციის საქმიანობები.


 

ორგანიზაციამ მუშაობა 9 წევრი ფერმერის მომსახურებით დაიწყო, თანდათან გაფართოვდა და 2012 წლის მონაცემებით ასოციაცია აერთიანებს 900-ზე მეტ წევრს. ასოციაციის წევრი, განურჩევლად სქესის, ასაკის, შრომისუნარიანობის ან ეთნიკური წარმომავლობისა, შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში მდგრადი ბიომეურნეობების განვითარებითა და გარემოს დაცვით.


1996 წლიდან “ელკანა” ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) წევრია. IFOAM-ის სტანდარტებისა და ევროკავშირის რეგულაციის მოთხოვნების გათვალისწინებით, ასოციაციამ შეიმუშავა და რეგისტრაციაში გაატარა ბიოაგროწარმოების სტანდარტი, რომლის დაცვა სავალდებულოა ასოციაციის წევრი მეურნეებისათვის. სტანდარტი “ელკანას” ძირითადი სამუშაო დოკუმენტია, რომელიც შემდგომში რამდენიმეჯერ განახლდა და რომლის მოთხოვნების გათვალისწინებით “ელკანას” წევრი ფერმერები აწარმოებენ მრავალფეროვან და ხარისხიან პროდუქციას.


წევრი ფერმერების პროდუქციის ბაზარზე შესაბამისი სტატუსით (“ბიო”) განთავსებას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება სჭირდებოდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობით 2006 წელს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი `ბიოაგროწარმოების შესახებ~. ამავე პერიოდში `ელკანას” ძალისხმევითა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაფუძნდა ბიოსერტიფიცირების ორგანო _ შპს “კავკასსერტი” (www.caucascert.ge), რომელმაც 2008 წელს გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს (DAP) აკრედიტაცია მოიპოვა, ხოლო 2011 წლის ბოლოდან “კავკასსერტი” შევიდა ევრორეგულაციით დამტკიცებულ სერტიფიცირების ორგანოთა სიაში და მის მიერ გაცემული ბიოსერტიფიკატი აღირებულია ევროპის ბაზარზე. 2011 წლის მონაცემებით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ფართობების 0.06% (1042 ჰა) სერტიფიცირებულია, როგორც “ბიო” (ვაშლი, ბროწეული, ხურმა, ყურძენი, მარცვლოვნები, პარკოსნები, ეთერზეთოვანი კულტურები).


2007 წლიდან “ელკანა” ხარისხის მართვის IშO 9001/2000 სერტიფიკატს ფლობს სამრჩევლო მომსახურებისა და ტრენინგცენტრის საქმიანობის სფეროებში. მასერტიფიცირებელი კომპანია (Social-Cert-Ltd, მიუნხენი, გერმანია) ადასტურებს, რომ “ელკანაში” არსებობს და მოქმედებს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.


ბიომეუნეობების განვითარების ხელშეწყობის პარალელურად “ელკანა” მუშაობს ტრადიციული აგრარული მრავალფეროვნების დაცვისა და მდგრადი გამოყენების საკითხებზეც. ამ მიმართულებით მუშაობა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. 2004-2009 წლებში “ელკანამ” განახორციელა GEF/UNDP დაფინანსებული პროექტი “საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების აღდგენა, კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება”, რომლის ფარგლებში აღდგენილია და ფერმერთა მეურნეობებში უკვე ითესება ძველი ქართული პარკოსანი და მარცვლოვანი კულტურები, მათ შორის ისეთი უძველესი ხორბლები, როგორიცაა დიკა და ახალციხური წითელი დოლი. 2011 წელს “ელკანას” ინიციატივით და საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური გარდაქმნების პროგრამის (GEF/UNDP) დაფინანსებით დაიწყო პროექტი “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი შინაური ცხოველების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში”.


სოფლის ტურიზმის განვითარების პროგრამის ფარგლებში “ელკანა” ხელს უწყობს ფერმერთა ჩართვას სოფლად ტურისტულ საქმიანობებში, მათთვის დამატები შემოსავლების შექმნის მიზნით. პროგრამაზე ორგანიზაცია მუშაობს 2006 წლიდან. 2006-2012 წლებში “ელკანამ” განახორციელა შDჩ დაფინანსებული პროექტი “ტურიზმის განვითარება სოფლად”. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სოფლის ტურიზმის ქსელი, სადაც გაერთიანდა 110 საოჯახო სასტუმრო სახლის მფლობელი და ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი. ქსელი დღესდღეობით მოიცავს საქართველოს 8 რეგიონს. სასტუმრო სახლების მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად “ელკანამ” დანერგა საოჯახო სასტუმროების სტანდარტი, რომელიც ემყარება ევროპის ფერმერული და სოფლის ტურიზმის ფედერაციის – “ევროჟიტეს” ძირითად მოთხოვნებს.


საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება