warmatebuli fermerebi

ზაზა დარსაველიძე - მარნეულის მuნიციპალიტეტი, სოფ. თამარისი

 

ელკანას წევრია 2010 წლიდან. მისდევს მევენახეობა-მეღვინეობას.  სოფელ თამარისში გაშენებული აქვს რქაწითლის ჯიშის ვენახი და აყენებს ღვინოს. „ელკანასთან“  თანამშრომლობამ  ქვევრის ღვინით  დააინტერესა და შენა ტრადიციული მარანი და დაწყო ქვევრის ღვინის წარმოება.  ქვევრები შეიძინა იმერეთში (სოფ. მაქათუბანი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) მექვევრე ზალიკო ბოჟაძისაგან. 

 


ზაზა დარსაველიძე ჯერჯერობით ერთადერთი მეურნეა მარნეულის მინიციპალიტეტში,  ვინც ქვევრის ღვინოს აყენებს და ეწევა ბიომევენახეობას. მეღვინეობის დარგში ცოდნის დონის ასამაღლებლად მან ელკანაში გაიარა მევენახეობა-მეღვინეობის და ღვინის დეგუსტაციის კურსები. უახლოეს მომავალში გეგმავს საკუთარი ღვინის ჩამოსხმას და მაღაზიათა ქსელში შეტანას.




ალექსანდრე პაპოშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კალაური


ელკანას“ წევრს ალექსანდრე პაპოშვილს სოფელ კალაურში გაშენებული აქვს ვენახი და მოჰყავს საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძენი. აქვს ტრადიციული მარანი და ღვინოს მხოლოდ ქვევრებში აყენებს. 

 


გასულ წელს მისი მარნითა და მეურნეობით დაინტერესდა ცნობილი ფრანგი სომელიე და თრეველ ჩენელის პროგრამის („მოგზაურობა ღვინოში“) წამყვანი იზაბელ ლეჟერონი, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში, რთვლობაზე გაეცნო მის საქმიანობას


თავის სოფელში ალექსანდრე პაპოშვილი ერთ–ერთი პირველთაგანია, ვინც საკუთარ მეურნეობაში ბიომეთოდები დანერგა,  ჩაერთო ბიოსერტიფიცირების პროცესში და უახლოეს მომავალში მისი მეურნეობა მიიღებს ბიოსერტიფიკატს.




მალხაზ ჯაყელი - გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხაშმი


მალხაზ ჯაყელი „ელკანაში“ 2006 წელს გაწევრიანდა. ამ დროიდან მოყოლებული, ვენახებს მხოლოდ ბიომეთოდებით უვლის. მისი მეურნეობა მდებარეობს სოფელ ხაშმში, რომელიც განთქმულია საფერავის ღვინით. 

 


ჯაყელების ღვინის 2009 წლის ჩამოსხმას „კავკასსერტმა“ მიანიჭა ბიოსერტიფიკატი და ეს ღვინო რამდენიმე წელია წარმატებით მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის გამოფენებში.  განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ნიუნბერგის ყოველწლიური საერთაშორისო ბიოგამოფენა „ბიოფახი“, სადაც მალხაზ ჯაყელის ღვინომ უკვე მეოთხედ მიიღო მონაწილეობა. 


მალხაზ ჯაყელი პირველია, ვინც სოფელ ხაშმში ბიოყურძნისა და ბიოღვინის წარმოება დაიწყო. მან უკვე დაიწყო ტრადიციული, ქვევრებიანი მარნის აშენება. დღეისათვის ჯაყელების მარანი აწარმოებს ღვინოებს - საფერავს, რქაწითლისა და მწვანის ნარევს და ტრადიციულ ჭაჭის არაყს.

 


ანზორ მაისურაძე - ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნაბახტევი


„ელკანას“ წევრი ფერმერი ანზორ მაისურაძე სოფ. ნაბახტევში მოღვაწეობს. მისი ინიციატივით შეიქმნა კავშირი „ნაბახტევი“, სადაც სოფლის ფერმერები არიან გაერთიანებული, და რომლებმაც უკვე ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეს სოფელში.

 

ანზორ მაისურაძემ „ელკანაში“ გაწევრიანებისა და კონსულტაციების გავლის შემდეგ თავისი მეურნეობა მთლიანად გადაიყვანა ბიოწარმოების პრინციპეbზე, ხოლო 2011 წლის მაისიდან მისი მეურნეობა იმყოფება კონვერსიაზე „კავკასსერტში“და სათანადო პერიოდის გავლის შემდეგ მის მიერ წარმოებული პროდუქცია სერტიფიცირებული გახდება. ამჟამად ფერმერი აწარმოებს მარცვლეულს, ბოსტნეულს, პარკოსანი კულტურებს, გაშენებული აქვს ვენახი.

ფერმერს ყოველწლიურად მოჰყავს სიმინდის მხოლოდ ქართული ჯიშები - კაჟოვანა თეთრი, ქართული კრუგი, აჯამეთის თეთრი და კარგ მოსავალსაც იღებს, საიდანაც შეარჩევს სათესლე მასალასაც მომავალ წელს დასათესად. ფერმერმა გასულ წელს შეიძინა სიმინდის საფქვავი დანადგარი, რომელსაც აქტიურად იყენებენ სხვა ფერმერებიც. 2011 წელს, „ელკანას“ დახმარებით მან ააშენა საწყობი, სადაც უკეთესი პირობებია მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შრობის, დახარისხებისა და შენახვისათვის.

ბიოაგროწარმოებაზე გადასვლის შემდეგ ფერმერი ყოველწლიურად უფრო ხარისხიან და საღ პროდუქციას იღებს, ამის მიზეზი კი გარდა ნიადაგისა და მცენარის სწორი მოვლის ცოდნისა, შრომისმოყვარეობა და საკუთარი საქმის, სოფლისა და გარემოს დიდი სიყვარულიცაა.



თემურ ახტურიძე - ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ალვანი


ფერმერი მისდევს მეძროხეობას და მისი ძირითადი საქმიანობა ძროხის გუდის ყველის დამზადებაა. ელკანას” ეკონომიკური განვითარების განყოფილების დახმარებით მან ყველის წარმოების პროცესი ბიოაგროწარმოების სტანდარტების შესაბამისად ააწყო და დღეისათვის სეზონზე 2,5 ტონა მაღალი ხარისხის ყველს აწარმოებს. 

 


ახმეტის მუნიციპალიტეტში თემურ ბახტურიძე პირველია, ვინც გადაწყვიტა ბიოსერტიფიცირების პროცესში ჩართვა - დღეს მისი ფერმა კონვერსიაზე დგას და უახლოეს მომავალში მიიღებს ბიოსერტიფიკატს. საწარმოსა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებით ფერმერს გაეზარდა გაყიდვები და, შესაბამისად, შემოსავალიც. იგი აპირებს ძროხის სულადობის გაზრდას და ყველის წარმოების გაფართოებას. 


„ელკანას“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თემურ ბახტურიძეს, როგორც წარმატებულ ფერმერს, გადაეცემა ყველის დასაფასოებელი დანადგარი, რომლის საშუალებითაც იგი შეძლებს ყველის ვაკუუმპაკეტებში დაფასოებას, ეტიკეტირებას და მაღაზიათა ქსელში შეტანას.

 

 

ნანა დათაშვილი, ემურ პლაჭიაშვილი - ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხიზაბავრა


ხიზაბავრელმა ფერმერებმა პრაქტიკულად ნოლიდან დაიწყეს თავისი ბიზნესი - ააშენეს ფერმა საკუთარ მიწაზე - ვაიოს ველებზე, იყიდეს ძროხები და ააწყვეს ყველის საწარმო. იტალიელების დახმარებით, საქართველოში პირველად მათ დაიწყეს პარმეზანის ტიპის ყველის წარმოება. 

ვაიოს ველები ცნობილია ალპური ბალახების ნაირსახეობით. ამ საძოვრებზე ნაკვები ძროხის რძე უნიკალური გემოთი ხასიათდება. რასაც თავად იტალიელი პარტნიორები ადასტურებენ. ფერმერებმა უკვე მოიპოვეს თავისი ადგილი საქართველოს ბაზარზე - იტალიური ტექნოლოგიით დამზადებულმა პარმაზანის ყველმა მომხმარებელთა მხრიდან მოწონება დაიმსახურა. ფერმერები „ელკანას“ წევრები გახდნენ და ფერმა ნელ-ნელა გადაჰყავთ ბიომეთოდებზე. ამასთან აპირებენ ფერმის შენობის გაფართოებას, ბიოაგროწარმოების სტანდარტების შესაბამისად მოწყობას და ბიოგაზის წარმოების დაწყებასაც.

 


 

დარეჯან კანთელაძე - წალკის მუნიციპალიტეტი, სოფ. სანთა


მისდევს მეძროხეობას და აქვს ძალიან კარგად აწყობილი ყველის საწარმო სოფ. სანთაში. ფერმერს ჰყავს საკუთარი საქონელი და იბარებს რძეს სოფლის მოსახლეობისაგანაც. მისი ფერმა სამაგალითოა როგორც ზოოტექნიკური, ისე ვეტერინარული თვალსაზრისით - აკონტროლებს დაავადებებს როგორც საკუთარ ფერმაში, ისე მთლინად სოფელშიც. ამიტომ მისი და სოფლის საქონელი აბსოლუტურად ჯანმრთელია, ხოლო პროდუქცია სანდო და მაღალი ხარისხისაა. 

დღეისათვის ფერმერი აწარმოებს ყველის 4 სახეობას – გაუდას, ლორს, ქართულს და იმერულს, რომელაც აბარებს ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ და მაღაზია „ბიოველში“. „ელკანას“ მხარდაჭერით, ფერმერი აპირებს ბიოსერტიფიცირების პროცესში ჩართვას, ბიომეთოდების დანერგვას და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას.

 



თამაზი ნიპარიშვილი - კასპის მუნიციპალიტეტი


ფერმერი მისდევს მეხილეობას და თავის საკუთრებაში არსებულ 50 ჰა ფართობზე გაშენებული აქვს ვაშლის, ატმის და კაკლის ბაღი, 10-მდე სახეობის კენკროვნების ნარგაობა. მოწყობილი აქვს სანეგე მეურნეობა, სადაც თვითონ გამოჰყავს სხვადასხვა ხეხილის ჯიშები. 

თამაზ ნიპარიშვილი „ელკანას“ წევრი 2006 წლიდან გახდა. „ელკანას“ დარგობრივი მრჩევლის რეკომენდაციით, კაკლის ნარგაობის ფართობზე მოაწყო წვეთოვანი მორწყვის სისტემა და ფართობს უვლის მხოლოდ ბიომეთოდებით. ასევე „ელკანას“ რჩევითა და ხელშეწყობით თამაზ ნიპარიშვილმა გადაწყვიტა კაკლის ფართობის ბიოსერტიფიცირება. 2011 წლიდან 1,5 ჰა კაკლის ნარგაობა კონვერსიაზე დგას „კავკასსერტში და უახლოეს მომავალში მიიღებს ბიოსერტიფიკატს.