



მონაწილეობა ბათუმის საერთაშორისო ფორუმში – “ორგანულ წარმოება და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია”
ა.წ. 12-13 სექტემბერს ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია რომელიც მიეძღვნა ორგანული წარმოებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საკითხებს.
თბილისის მე-2 საერთაშორისო კონფერენციის - “ბიოწარმოების სექტორის განვითარება ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში” მონაწილეებს საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ საერთაშორისო ფორუმს და მოენახულებინათ საქარტველოს უმსვენიერესი კუთხე - აჭარა.
ვიზიტის მეორე დღე მთლიანად დაეთმო ღირშესანიშნავი ადგილების, მათ შორის აჭარის ბოტანიკური ბაღისა (www.batumibotanikalgarden.com) და მტირალას ნაციონალური პარკის(www.mtiralapa.ge) მონახულებას.
ფორუმი ჩატარდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით.
2009 წლის 10-11 სექტემბერს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა “მე-2 საერთაშორისო კონფერენცია ბიოწარმოების სექტორის განვითარება ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში”

თბილისში 22 ქვეყნის 200-მდე დელეგატი შეიკრიბა, რათა ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ უახლესი გამოცდილება, განეახლებინათ ან დაემყარებინათ ახალი ურთიერთობები და ეპოვნათ პარტნიორები ბიოწარმების სფეროში.
კონფერენცია გახსნა ბიომეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” დირექტორი მარიამ ჯორჯაძე, რის შემდეგაც მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გელა ჯავახიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს უფროსი ქეთევან ლაფერაშვილი. საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის სახელით კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა მეუფე დავითი, აბბა ალავერდელი. უკრაინის ორგანული ფერდერაციის პრეზიდენტმა ევგენი მილოვანოვმა წარმოადგინა რეგიონში ბიოწარმოების განვითარების მოკლე მიმოხილვა. გერალდ ა. ჰერმანმა, IFOAM–ის ყოფილმა პრეზიდენტმა კი მონაწილეებს გააცნო საერთაშორისო მოძრაობის მისასალმებელი წერილი.
ორი დღის განმავლობაში 50 მომხსენებელი 19 ქვეყნიდან რეგიონში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე იხილავდა ბიოწარმოების სექტორის განვითარების უახლეს ტენდენციებს. კონფერენციის სესიები ეხებოდა ბიოწარმოების შემდგე მიმართულებებს:
1. მემცენარეობა |
4. მეღვინეობა-მევენახეობა |
7. გადამამუშავებელი წარმოება |
ბიოკანონმდებლობის სპეციალისტმა, ადვოკატმა ჰანსპეტერ შმიტმა (გერმანია) ისაუბრა ბიოწარმოების ახალი რეგულაციის შესახებ ევროკავშირში. ვიქტორ ანანიასმა, ეკოლოგიური და სოფლის ტურიზმის ევროპული ცენტრის გენერალურმა მდივანმა, კონფერენციის მონაწილეებს გააცნო აგროტურისტული შემოთავაზებები რეგიონში. ევრონატურის პრეზიდენტმა, პროფესორმა ჰარდი ფოგტმანმა ისაუბრა რეგიონის მდგრადი განვითარების პერსპექტივებზე.
თბილისის კონფერეციამ ერთსულოვნად მიიღო დეკლარაცია, რომელიც საზოგადოების გააქტიურიბისა და რეგიონში ბიოწარმოების განვითარებისათვის მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებისაკენ მოუწოდებს.
კონფერენციის პარალელურად აგრარული უნივერსიტეტის ფოიეში გამოფენილი იყო ქართული და უკრაინული ბიოპროდუქცია და ხელნაკეთობები, ასევე “ელკანას” პუბლიკაციები და საინფორმაციო ბუკლეტები კონფერნციაზე წარმოდგენილი ორგანიაზიების შესახებ.
კონფერენციის შემდგომ დელეგატების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ღვინის ტურში, სადაც მათ მიეცათ საშუალება მოენახულებინათ “ელკანას” წევრი ფერმერები კახეთის რეგიონში და გაცნობოდნენ ღვინის დამზადებისა და პურის გამოცხობის ქართულ ტექნოლოგიებს, მოესმინათ ქართული ხალხური სიმღერა და დაეთვალიერებინათ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები. დელეგატების მეორე ნაწილი გაემგზავრა ქ. ბათუმში, ბიოწარმოებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.
მე-2 საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატირები არიან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (საქართველო), უკრაინის ორგანული ფედერაცია (უკრაინა) და Organic Services GmbH (გერმანია).
ორგანიზატორები მადლობას უხდიან კონფერენციის მხარდამჭერებსა და სპონსორებს , მათ შორის ორგანული მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციას (IFOAM), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მსოფლიო ბანკს, ფონდ Avalon-სა და Oxfam Novib-ს (ნიდერლანდი); GTZ, EED და Misereor (გერმანია), Biofach და სხვა.
კონფერენციის მასალები და სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ წებ-გვერდზე: www.organicconference.elkana.org.ge
წითელი დოლის პური ფერმერთა საერთაშორისო შეხვედრაზე საფრანგეთში, 23-26 ივნისი, 2009 წელი

2009 წლის 23_26 ივნისს საფრანგეთის ისტორიულ მხარეში - აკვიტანიაში, ლოტ-ეტ-გარონის დეპარტამენტის სოფელ პორტ-სანტ-მარიში გაიმართა ფერმერთა საერთაშორისო შეხვედრა სახელწოდებით - "მარცვლოვანი კულტურების ბიომრავალფეროვნება და ფერმერთა გამოცდილება". ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანამ”" - მოეწყო ძველი ქართული ხორბლის, კერძოდ, ახალციხის (მესხური) წითელი დოლისაგან Triticum aestivum L.) გამომცხვარი პურის, ქართული თონისა და თონეში პურის ცხობის პრეზენტაცია.
ღონისძიების ორგანიზატორი და ინიციატორი იყო ფრანგული ორგანიზაცია - თესლეულის მეურნეობათა ქსელი (Reseau Semences paysannes), ხოლო თავისივე სახლსა და მეურნეობაში მასპინძლობდა ფერმერი ჟან-ფრანსუა ბერთელოტი (Jean Francois Berthellot). ფერმერთა საერთაშორისო შეხვედრის მიზანი იყო ბიომრავალფეროვნებისა და სამეურნეო წარმოების კონსერვაციისაკენ მიმართულ ინიცატივათა გაძლიერება ევროპაში. მარცვლოვანი კულტურების მწარმოებელმა სხვადასხვა ქვეყნის ფერმერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება. გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ირანის, იორდანიის, პალესტინის, რუმინეთის, შვედეთის, ბელგიის, პორტუგალიის და საქართველოს წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს აჩვენეს, თუ როგორ ცხვება თითოეული მათგანის ქვეყნისათვის დამახასიათებელი ტრადიციული პური. ღონისძიებას ესწრებოდა 100-ზე მეტი მონაწილე 17 ქვეყნიდან.
შეხვედრა 23 ივნისს გაიხსნა. მონაწილეებს მიესალმნენ შეხვედრის მასპინძელი – ჟან-ფრანსუა ბერთელოტი და მისი მეუღლე სესილ ბერთელოტი (Cecile Berthellot), მათ აღნიშნეს, რომ დიდი ხანი ოცნებობდნენ ამ შეხვედრის საკუთარ მეურნეობაში მოწყობაზე და ბედნიერები იყვნენ, რომ საბოლოოდ შეძლეს დასახული მიზნის განხორციელება. მონაწილეებს მიესალმა ღონისძიების ორგანიზატორი - თესლეულის მეურნეობათა ქსელის წარმომადგენელი პატრიკ დე-კოშკო (Patrick de Kochko), ხოლო შემდეგ ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა გააცნო თავი დამსწრეებს და მოკლედ ისაუბრა ღონისძიებაში მონაწილეობის მიზეზის შესახებ. თავის გამოსლაში ჟან-ფრანსუა ბერთელოტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში პურის ფესტივალი უკავშირდება პურის ცხობას და ამიტომ ღონისძიების დიდი ნაწილი დაეთმო სხვადასხვა ქვეყნებში ტრადიციული პურის ცხობის პრეზენტაციებს. მან, აგრეთვე, ისაუბრა თავის მეურნეობაში არსებულ ხორბლის ჯიშების საჩვენებელ კოლექციაზე, რომელიც დაახლოებით 1 ჰა მიწის ფართობზე სხვადასხვა სახეობის (200 სახეობაზე მეტი) ხორბლის ნათესებს შეიცავდა. პირველი დღის მეორე ნახევარი დაეთმო სწორედ ამ კოლექციის დათვალიერებას, მონაწილეებს გაუძღვა ჟან-ფრანსუა ბერთელოტი, იგი კოლექციაში არსებულ ხორბლის ყველა ჯიშის ნათესთან ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდა მსმენელებს. საქართველოს წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით საგულისხმო კოლექციაში იყო ქართული ხორბლის ჯიშებიც, კერძოდ, წითელი დოლი (Triticum aestivum), მახა (Triticum Macha), ზანდური (Tmopheevi Chelta) და დიკა (Triticam Cartlicum). კოლექციის დათვალიერებისას, "ელკანას" კონსულტანტმა აგრარულ მრავალფეროვნების საკითხებში – ტაიულ ბერიშვილმა ისაუბრა ზემოთ ჩამოთვლილი ხორბლის ჯიშების შესახებ.
ღონისძიების მომდევნო ორი დღე დაეთმო პურის ცხობის ტექნოლოგიების პრეზენტაციებს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლების მიერ ეროვნული ტრადიციული პურის ცხობის მასტერკლასები. აღსანიშნავია, რომ ირანელებს ქართული თონის მსგავსი პურის საცხობი ჰქონდათ გამართული.
ზემოთვე ითქვა, რომ პრეზენტატორებს შორის იყო დელეგაცია საქართველოდან - "ელკანადან". საქართველოდან წაღებულ და ბერთელოტის ეზოში წინასწარ გამართულ ქართულ თონეში ახალციხის (მესხური) წითელი დოლის ხორბლის ფქვილისაგან გამოცხვა პური. ღონისძიების მონაწილეები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ცომის მომზადებისა და შემდგომ თონეში პურის ცხობის პროცესს. ამ საქმიანობის პარალელურად "ელკანას" წარმომადგენლები საუბრობდნენ იმ ხორბლის ჯიშზე, რომლითაც ცხვებოდა პური, აგრეთვე ცომის მომზადებისა და თონეში ცხობის ტექნოლოგიების შესახებ. უპასუხებდნენ სხვადასხვა კითხვებს. გამომცხვარი პურის დეგუსტაციისას მონაწილეებმა დააგემოვნეს "ელკანას" წევრი ფერმერების ბიოღვინოებიც. წითელი დოლის ქართულმა თონის პურმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, ამის დასტურია ის ფაქტი, რომ "ელკანას" წარმომადგენლებს მომდევნო დღესაც სთხოვეს პურის გამოცხობის პროცესის დემონსტრირება, ზოგიერთმა მონაწილემ თავადაც კი ცადა თონეში პურის ჩაკვრა. ღონისძიების ფრანგი მასპინძელიც დიდი გულისყურით აკვირდებოდა მის ეზოში ჩადგმულ თონეში პურის ცხობის პროცესს.
ღონისძიების ბოლო დღეს გაიმართა კონფერენცია. ბიომრავალფეროვნების თემაზე, კერძოდ - ორგანული მეურნეობის მნიშვნელობასა და მარცვლოვნების სხვადასხვა სახეობების შესახებ ისაუბრა ელიზაბეთ ბერინგერმა (Elizabeth Beringer, კეიზერლინკის ინსტიტუტი, გერმანია). თესლეულის წარმოების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა IICARDA-ს (მშრალი ზონებში სოფლის მეურნეობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, სირია) წარმომადგენლმა სალვადორე ცეცარელიმ (Salvadore Ceccarelli). გაიმართა დისკუსია ფერმერთა უფლებების შესახებ და დაისახა სამომავლო გეგმები.
31 მარტს, ასოციაცია “ელკანას” ოფისში გაიმართა სემინარი - “გენეტიკური რესურსები - აკადემიური კვლევის სწორი პრაქტიკისა და ინტელექტუალური საკუთრების ასპექტები საერთაშორისო სამართლის მიხედვით”.

სემინარის თემა იყო საქართველოში ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების სისტემის შექმნა, კერძოდ გენტიკური რესურსების ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და სათანადო განაწლება. ამასთან დაკავშირებით განიხილეს გენეტიკური რესურსების გამოყენების მიმართ რიოდეჟანეიროს “ბიორმავალფეროვნების კონვენციისა” (CBD) და ამავე კონვენციის ბონის 2002 წლის ინსტრუქციების: “გენეტიკურ რესურსების ხელმისაწვდომობა და მათი უტილიზაციის შედეგად წარმოქმნილი სარგებლის სამართლიანი და სათანადო განაწილება” (Bonn Guidelines on Access to Genetic Resources and Fair and Equitable Sharing of Benefits Arising out of their Utilization) მოთხოვნების საქართველოში დანერგვის საკითხები. სემინარის ფარგლებში იმსჯელეს აგრეთვე გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების პრობლემებზე, როგორც ზოგადად მსოფლიოში, ისე კონკრეტულად საქართველოში.
სემინარს ესწრებოდნენ სამეცნიერო წრეების, სამოქალაქო სექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. სემინარის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვის ტექსტი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაეგზავნებათ.
მოეწყო ასევე წიგნის - “სამცხე-ჯავახეთის იშვიათი სამკურნალო მცენარეების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება” პრეზენტაცია და განხილვა.
სემინარი ჩატარდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის (GEF/UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - “საქართველოს აგრობიომრავალფეროვნებისPაღდგენა, კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება”.
ვარძიის სათავგადასავლო რბოლა, 6-7 ივნისი
2009 წლის 6-7 ივნისს ვარძიაში ჩატარდა სათავგადასავლო რბოლა.
პროექტი დაფინანსდა შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) სადაც ასევე ჩართული იყო ასოციაცია “ელკანა”, კერძოდ სოფლის ტურიზმის განვითარების პროექტი.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო ქართველების, შვეიცარლების, ამერიკელების, გერმანელებისა და პოლონელებისგან შემდგარმა 16 გუნდმა.
ტურნირის მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სპორტის სამ სახეობაში. თითოეულმა მონაწილემ ფინიშამდე გაიარა 3 ეტაპი:
1. სარბენი ბილიკი-6,5კმ.
2. ველოსიპეტებით შეჯიბრი-11,5კმ
3. მდინარე მტკვარზე ნავით დაშვება- ჯომარდი-1,5კმ
16 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი ადგილობრივმა ასპინძის გუნდმა აჩვენა. გამარჯვებულებს გადაეცათ მთავარი თასი. აგრეთვე პარტნიორმა ორგანიზაციებმა პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი დააჯილდოვა კარვებითა და ფულადი პრიზებით. “ელკანას” პრიზები (საჩუქრები) ერგო შეჯიბრში მონაწილე მანდილოსნებს.
ქართული ღვინო ევროპულ ბიოგამოფენაზე
2009 წლის 19-22 თებერვალს გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა ბიოგამოფენა “ბიოფახი”, სადაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანამ” მიიღო მონაწილეობა და წარადგინა თავისი წევრი ფერმერების ბიოღვინოები: “საფერავი” (მწარმოებელი გივი ნიკოლაიშვილი), რომელიც პირველი სერტიფიცირებული ღვინოა საქართველოში, და “საფერავი განსაკუთრებული” (მწარმოებელი ვაჟა დარჩიაშვილი) - ამჟამად სერტიფიცირების პროცესშია.
ელკანას” წევრ ფერმერთა პროდუქციის სერტიფიცირებას ახორციელებს ადგილობრივი სერტიფიცირების ორგანო “CAUCASCERT”, რომელიც აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს მიერ; რეგისტრაციის ნომერია DAP-ZE-4226.02.
წელს “ბიოფახი” საიუბილეო 20 წლისთავს აღნიშნავდა. გამოფენაზე 85 ქვეყნის ბიომწარმოებელმა გამოფინა სხვადასხვა სახის პროდუქცია (საკვები პროდუქტები, სათესლე მასალა, კოსმეტიკა, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, ტანსაცმელი, საწარმოო ტექნიკა და სხვ.). ყველაზე მეტი მწარმოებელი იყო: გერმანიიდან - 941, იტალიიდან - 394, ესპანეთიდან - 205, საფრანგეთიდან - 181, ავსტრიიდან - 104. გამოფენაში მონაწილეობა ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნებმაც მიიღეს: სომხეთს, სერტიფიცირების ორგანო “ეკოგლობთან” ერთად, ხილის გადამამუშავებელი ორი კომპანია წარმოადგენდა; უკრაინის 4 კომპანიას ხვადასხვა მარცვლეული, სოკო, ხილი, ბოსტნეული და ბიოპრეპარატები ჰქონდათ წარმოდგენილი; ხოლო რუსეთიდან - ბიოპრეპარატებისა და ბიოსასუქის მწარმოებელი ერთი კომპანია.
გამოფენა 19 თებერვალს დილის 10 საათზე გაიხსნა. ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გამომსვლელთა შორის იყო ქალაქ ნიურნბერგის მერი ულრიხ მალი (Dr. Ulrich Maly), მან ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს და იმ ფაქტს, რომ ყველაფრის მიუხედავად წლევანდელი გამოფენა ყველაზე მაშტაბური და მრავალფეროვანია დანარჩენ წლებთან შედარებითო. მან ამავე ცერემონიალზე ნიურნბერგის ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული პროდუქციით ვაჭრობის აკრძალვა გვაუწყა – ნიურნბერგი და მისი შემოგარენი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა.
გახსნის დღეს გაიმართა კონფერენცია თემაზე: “ახალი ბაზრები, ახალი ღირებულებები - ბაზრის განვითარება ქვეყნებში, სადაც ორგანული სექტორი ვითარდება - სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და მოლდავეთის მაგალითზე”. გამომსვლელებმა: მარტინ ლანკასტერმა (ფონდი ავალონი, ჰოლანდია), პროფესორმა ურლიხ ჰამმა (კასელის უნივერსიტეტი, გერმანია) და ვოლტერ კრესმა (ფერმერი) ისაუბრეს აღნიშნულ ქვეყნებში ბიობაზრისა და წარმოების განვითარების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. პლენარულ სესიაზე გაიმართა დისკუსია ამ ქვეყნებში ორგანული მეურნეობის ამჟამინდელი მდგომარეობისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ. კითხვებს უპასუხებდნენ: ნუნე დარბინიანი, არასამთავრობო ორგნიზაცია “ეკოგლობი” (სომხეთი), ვუგარ ბაბაევი, განჯის აგრობიზნესის ასოციაცია (აზერბაიჯანი), ვიორელ გერჩიუ, პრორურალინვესტი (მოლდავეთი), მარიამ ჯორჯაძე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” (საქართველო) .
გამოფენის ფარგლებში 20 თებერვალს, მე-6 საგამოფენო დარბაზში, ქვემო საქსონიისადმი მიძღვნილი წვეულებაზე გაიმართა “ელკანას” წევრი ფერმერის, გივი ნიკოლაიშვილის სერტიფიცირებული ბიოღვინის _ “საფერავის” პრეზენტაცია და დეგუსტაცია. ღონისძიება ქვემო საქსონიის მინისტრმა ჰანს-ჰაინრიხ ელენმა (Hans-Heinrich Ehlen) გახსნა. მან ისაუბრა ორგანული მეურნეობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, როგორც მისი რეგიონის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორზე. კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გერმანია ეხმარება ორგანული მეურნეობის განვითარებაში ისეთ პოსტსოციალისტურ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, და საშუალება მიეცა დაეგემოვნებინა პირველი ქართული ორგანული ღვინო, და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ქართული ბიოღვინის დეგუსტაცია ასევე გაიმართა ფონდ ავალონის (ჰოლანდია) მიერ გამართულ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციათა სადილზე, რომელიც 19 თებერვალს საგამოფენო დარბაზის ერთ-ერთ რესტორანში - Lili Gastronomie-ში შედგა.
“ელკანას” სტენდი განთავსებული იყო ღვინის დარბაზში _ დარბაზი 4-A, სტენდი # 200. ბიოღვინოებთან ერთად, “ელკანამ” სანიმუშოდ გამოფინა წევრი მეურნეების ქვევრის ღვინოებიც – რქაწითელი/წარაფი (თავად მაყაშვილის მარანი) და საფერავი (ნიჟარაძე). დღის განმავლობაში ასამდე კაცი აგემოვნებდა ქართულ ღვინოს. ასევე დიდი იყო უცხოელი იმპორტიორების დაინტერესება. გამოფენის მსვლელობისას ქართული ბიოღვინოები ასევე გამოფენილი იყო ე.წ. ვინოთეკაში, სადაც ღვინის ექსპერტებს საშუალება ჰქონდათ გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ბიოღვინის დეგუსტაციისა და შეფასებისა.… „ელკანამ“ 10 შემოთავაზება მიიღო ევროპის მსხვილი იმპორტიორებისგან. მოცემულ ეტაპზე სამ შემოთავაზებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
![]() |
გამოიცა ჟურნალი ”ბიომეურნე” #15 |

