biomravalferovneba
საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

საქართველო ტრადიციულად აგრარული ქვეყანაა. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას ჯერ კიდევ ძვ. წ. VI–V ათასწლეულიდან მისდევენ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველად მცენარეთა და ცხოველთა მოშინაურება და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის წარმოშობა წინა აზიის ტერიტორიაზე (ე.წ. “ნაყოფიერი ნახევარმთვარის” ზონა), დაახლოებით 9-10 ათასი წლის წინ მოხდა. ეს ტერიტორიები უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს და ამავე დროს, ნაწილობრივ ემთხვევა პრეისტორიულ ხანაში ქართველური ტომების გავრცელების არეალს. უძველესი კულტურებისა და მათი ველური ნათესავების დღემდე არსებული დიდი მორფოლოგიური და გენეტიკური მრავალფეროვნება, ისევე როგორც შინაურ ცხოველთა ზოგიერთი უძველესი ჯიში საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველო თავად წარმოადგენს რიგი უმნიშვნელოვანესი კულტურული მცენარისა (მაგ., ვაზი და ხორბალი) და შინაური ცხოველის წარმოშობის ერთ-ერთ კერას. ამავე დროს, საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარებამ განაპირობა ის, რომ ეს ტერიტორია გამოიყენებოდა როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო კორიდორი, რის გამოც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში შემოედინებოდა ახალი გენეტიკური მასალა, ხოლო ქვეყნის მრავალფეროვანი კლიმატური პირობები და ნიადაგები კარგ წინაპირობას ქმნიდა ახალი კულტურების ადაპტირებისათვის. ასე გაჩნდა მრავალი შემოტანილი კულტურის ადგილობრივი ჯიში.


აგრარული ბიომრავალფეროვნება მოიცავს არა მარტო სახეობრივ და ჯიშობრივ მრავალფეროვნებას, არამედ აგროეკოსისტემებს, რურალურ ლანდშაფტებს, სურსათის წარმოებაში გამოყენებულ მიკროორგანიზმებსა და სოკოებს და ტრადიციულ ცოდნას. ამ მხრივაც საქართველო განსაკუთრებით მდიდარია.

ამგვარად, საქართველოს კულტურულ მცენარეთა და შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მათ კულტურულთან ერთად, დიდი ეკონომიკური და მეცნიერული ღირებულება აქვთ:

  • მაღალხარისხიანი ტრადიციული პროდუქტების წარმოება ადგილობრივ გენეტიკურ რესურსებს ეფუძნება, რაც ასე მნიშვნელოვანია არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ ტურიზმის განვითარებისთვისაც;
  • ადგილობრივი ჯიშები კარგად ეგუებიან ადგილობრივ გარემო პირობებს და გამოირჩევიან გამძლეობით უამინდობისა და მავნებელ-დაავადებების მიმართ, რის გამოც მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ სელექციის განვითარებისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გრძელვადიანი უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

საბჭოთა ეპოქაში ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობასა და მონოკულტურების წარმოებაზე გადასვლამ და საბჭოთა გეგმიური ეკონომიკისათვის დამახასიათებელმა სპეციალიზაციის პოლიტიკამ, განსაკუთრებით 1950-იანი წლებიდან, სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი მცენარეული გენეტიკური რესურსების საფუძვლიანი შემცირება გამოიწვია. 1990-იანი წლებისათვის მრავალი ადგილობრივი ჯიში მხოლოდ სამეცნიერო ინსტიტუტების კოლექციებში იყო შემორჩენილი. მიუხედავად ზემოთქმულისა, აგრარული ბიომრავალფეროვნების დაკარგვის პროცესი განსაკუთრებით ინტენსიური გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც მწირი დაფინანსებისა და მუდმივი რეფორმების პირობებში სამეცნიერო ინსტიტუტებში შენახული კოლექციების შენარჩუნებაც გაჭირდა.

* * *
ასოციაცია “ელკანა” აგრარული ბიომრავალფოერნევის კონსერვაციის საკითხებზე 1996 წლიდან მუშაობს. “ელკანას” ექსპერტები ჩართული იყვნენ 2003-205 წლებში პირველი და, 2011-2013 წლებში მეორე “ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის” შემუშავებაში. 2004-2009 წლებში “ელკანამ” განახორციელა GEF/UNDP დაფინანსებული პროექტი “საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების აღდგენა, კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება”; იგი მიზნად ისახავდა მათი სათესლე და სარგავი მასალის აღდგენას, ფერმერებს შორის გავრცელებას და მარკეტინგული ჯაჭვის აწყობის, ბრენდირებისა და ბაზარზე პოპულარიზაციის გზით. პროექტის ფარგლებში აღდგენილ იქნა მარცვლოვნების 6(Triticum carthlicumNevsky, Triticum aestivumL., Hordeum vulgare var. nudum, Secale cereale(L.)M. Bieb, Panicum miliaceumL., Setaria italica (L.) Beaur),parkosnebis_5(Cicer arietinumL., Vicia fabaL., Lens culinarisMedic., Vigna unguiculataL.Walp.,daLathyrus sativusL.)და ზეთოვანი კულტურის 1Linum usitatissimumL.)ადგილობრივი ჯიში. “ელკანამ” BP-ს და მისი პარტნიორი ორგანიზაციების - Bთჩ-ს და შჩP-ს ფინანასური მხარდაჭერით და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ადმინისტრირებით 2009-2010 წლებში განახორციელა პროექტი „ახალციხის (მესხური) წითელი დოლის პურის საწარმოო მნიშვნელობის განვითარება და გასაღების ჯაჭვის შექმნა“. 2011 წლის შემოდგომიდან საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდის სამეფოს საელჩოს სოციალური გარდაქმნების პროგრამის(MATRA)ფინანსური მხარდაჭერით ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” ახორციელებს მცირე პროექტს -“გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი შინაური ცხოველების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში” (09/2011 - 03/2013). აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს, ინ სიტუ კონსერვაციის მეთოდით, ფერმაზე ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების კონსერვაციას: კახეთის რეგიონში, სოფელ ზემო ხოდაშენში დაარსდა საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობა, სადაც, შემდგომი გამრავლებისა და დაინტერესებულ ფერმერთა შორის გავრცელების მიზნით, შემოყვანილ იქნა შემდეგი ადგილობრივი ჯიშების სანაშენე ცხოველები: 1. ქართული მთის ძროხა (ჯილაგი - თუშურ-ხევსურული); 2. თუშური ცხვარი; 3. მეგრული თხა; 4. კახური ღორი; 5. ქათმის ხუთი ადგილობრივი პოპულაცია.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ პროგრამის ფარგლებში ფერმაზე კონსერვაციას აფინანსებდნენ გერმანული ორგანიზაციები EED დაMisereor, ხოლო 2013 წლიდან გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Bröt für die Welt.


საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება