biomravalferovneba


საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

საქართველო ტრადიციულად აგრარული ქვეყანაა. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას ჯერ კიდევ ძვ. წ. VI–V ათასწლეულიდან მისდევენ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველად მცენარეთა და ცხოველთა მოშინაურება და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის წარმოშობა წინა აზიის ტერიტორიაზე (ე.წ. “ნაყოფიერი ნახევარმთვარის” ზონა), დაახლოებით 9-10 ათასი წლის წინ მოხდა. ეს ტერიტორიები უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს და ამავე დროს, ნაწილობრივ ემთხვევა პრეისტორიულ ხანაში ქართველური ტომების გავრცელების არეალს. უძველესი კულტურებისა და მათი ველური ნათესავების დღემდე არსებული დიდი მორფოლოგიური და გენეტიკური მრავალფეროვნება, ისევე როგორც შინაურ ცხოველთა ზოგიერთი უძველესი ჯიში საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველო თავად წარმოადგენს რიგი უმნიშვნელოვანესი კულტურული მცენარისა (მაგ., ვაზი და ხორბალი) და შინაური ცხოველის წარმოშობის ერთ-ერთ კერას. ამავე დროს, საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარებამ განაპირობა ის, რომ ეს ტერიტორია გამოიყენებოდა როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო კორიდორი, რის გამოც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში შემოედინებოდა ახალი გენეტიკური მასალა, ხოლო ქვეყნის მრავალფეროვანი კლიმატური პირობები და ნიადაგები კარგ წინაპირობას ქმნიდა ახალი კულტურების ადაპტირებისათვის. ასე გაჩნდა მრავალი შემოტანილი კულტურის ადგილობრივი ჯიში.

 

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება